პანკისში დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
„მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახის წევრები პროვოკაციაზე მიდიოდნენ და რათა არ დაზიანებულიყო ადგილობრივების და იქ მდგომი ადამიანების ინტერესები, ღონისძიება დროზე ადრე დასრულდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
Your browser doesn’t support HTML5
ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე მცირე ინციდენტი მოხდა. მანქანამ არასწრულწლოვნების მიერ გაკეთებული კორდონი გაარღვია. რამდენიმე ბავშვმა მცირე დაზიანება მიიღო. მანქანის მძღოლი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა და მოსახლეობის ნაწილმა ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს. თემირლან მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის განცხადებით, მაშინ როცა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული და ისინი საპროტესტო აქციებს მართავენ, მსგავსი ღონისძიების გამართვა ხეობაში დაუშვებელია.
„პანკისობა 2018“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც ხეობაში დღეს უნდა გამართულიყო.