თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი. წინასწარ პატიმრობაში მის დატოვებას ითხოვდა ბრალდების მხარე, რომლის პოზიცია იყო, რომ არსებობს სუბელიანის მიმალვის, ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. თავად მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ზაზა სარალიძეს, ეთანხმება ბრალდების მხარეს და პატიმრობაში დარჩენა სურს, თუმცა, არა იმიტომ, რომ მისი მიმალვის საფრთხე არსებობს. დღესვე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და პატიმრობაში დატოვა მოწმეზე ზემოქმედებაში ბრალდებული მერაბ მორჩაძე. მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მორჩაძის გათავისუფლების შესახებ. შსს-ს წარმომადგენლებმა მერაბ მორჩაძე და მირზა სუბელიანი 9 ივნისს დააკავეს.