სალომე ზურაბიშვილი: ცხადია, ომი რუსეთმა დაიწყო

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეკულაციად და ცილისწამებად შეაფასა ოპონენტების ბრალდებები, რომ ზურაბიშვილი საქართველოს მიიჩნევს 2008 წლის აგვისტოს ომის დამწყებად და ამ პოზიციით ზიანს აყენებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. თბილისში, საარჩევნო შტაბის გახსნაზე გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისადმი მისი დამოკიდებულება 60 წელზე მეტია უცვლელია და მისი და მისი ოჯახის მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნებაა საქართველოს გათავისუფლება და დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვა.

„ვისგან დაცვა ხომ არ მეტყვით? რუსეთისგან“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია და შეუძლია ეს უსასრულოდ გაიმეოროს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი, 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული საქართველოს სუვერენიტეტი და აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას.

„მეორე თემა - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? ცხადია, რუსეთმა და რატომ? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით. საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც 1+1 არის 2. ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს? ეს არასოდეს არ ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი. არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო"- განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, როცა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ამბობს, რომ საქართველო დამნაშავეა, საქართველომ დაიწყო ომი და რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი.

„ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუცველი ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, როცა მის მიმართ ისმის „ამოგლეჯილ სიტყვებზე დაფუძნებული დაჟინებული და უაზრო კითხვები,“ რატომ არავინ სვამს სხვა შეკითხვებს, თუ რატომ არ მოუსმინა საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, რატომ არ გამოაცხადა რუსეთი აგრესორად ომის დაწყებისთანავე, რატომ დაელოდა სამ დღეს და მანამდე აცხადებდა, რომ რუსეთმა არ იცის, რა ხდება და სეპარატისტები არიან დამნაშავეები, და რატომ არ უთხრა საერთაშორისო საზოგადოებას პირველივე დღეს, რომ რუსეთმა ომი დაიწყო.

„და ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს, ჩემი ართქმული ციტატები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ არ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. - იმათმა ნათქვამმა იმ დღეებში არ შეიძლება, რომ ავნოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში და რატომ ამაზე არა ვფიქრობთ“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სიტყვა მოღალატე არ უყვარს და არ ხმარობს, მაგრამ უნდა „ვიკითხოთ, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა და სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა? ვინ დატოვა კოდორში ძვირადღირებული შეიარაღება და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები?“ ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი. თუმცა, დასძინა, რომ პრეზიდენტი ის იქნება. „ჩვენ წარსულზე, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულზე უნდა ვიცოდეთ რეალობა იმიტომ, რომ წინ გვაქვს მომავალი და ამ მომავალში არა მხოლოდ საქმე უნდა ვაკეთოთ და ქვეყანა გავაძლიეროთ, არამედ უნდა გავამთლიანოთ. და რომ გავამთლიანოთ, ჩვენ ძმებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებში უნდა მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა, რომ ისინი არიან ჩვენი მომავალი და ერთად გავმთლიანდებით“ - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.