საქართველოს პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მცენარე კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტის თაობაზე, საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, კონსულტაციები გაიმართება. „ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, გვეჩქარება მხოლოდ პირველ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოხმარებასთან, რადგან შესავსებია ვაკუუმი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ადგილი აქვს არასწორი ინფორმაციისა და სპეკულაციების გავრცელებას, თითქოს საუბარი იყოს ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზებაზე. "რაც შეეხება მეორე მხარეს, რომელიც მოიცავს საზოგადოებისთვის სარგებელს, არის ეკონომიკური გათვლები, რომელიც დაკავშირებულია არა ნარკოტიკებთან, არამედ მცენარე კანაფთან და მის სამედიცინო და კოსმეტიკურ თვისებებთან. ყველაფერს ავწონ-დავწონით, მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ იქნება საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის საზიანო“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.