ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულთა ინტერპოლით ძებნას ოსური მხარე უკომენტაროდ ტოვებს

ეგრნეთი, 2018 წლის 14 სექტემბერი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. მის დაწყებამდე რადიო თავისუფლებამ ოსური ჯგუფის ხელმძღვანელს ეგორ კოჩიევს ჰკითხა ინტერპოლის გადაწყვეტილებაზე „წითელი ცირკულარით“ ეძებოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირები, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი. „კომენტარი არ მაქვს“ - განაცხადა კოჩიევმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 13 სექტემბერს, საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, მის მიერ ივლისში გაგზავნილი მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი გურწიევის და ტაბოევის მიმართ. დე ფაქტო რესპუბლიკის "პროკურატურის" და "უშიშროების" კომიტეტის თანამშრომლებს, გურწიევს და ტაბოევს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება და არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა.