ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა და პარლამენტთან საპროტესტო აქციას აგრძელებს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად. ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკვე წლებია დიაბეტი აქვს, თუმცა, ექიმების რჩევის მიუხედავად აგრძელებს 10 სექტემბერს დაწყებულ შიმშილობას. კლინიკიდან პარლამენტთან დაბრუნებულმა ზაზა სარალიძემ სამართალდამცავებს ბოდიში მოუხადა. "გუშინ ძალიან ანერვიულებული ვიყავი და პირადი შეურაცხყოფა მივაყენე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი. ამას ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ იქიდან გამომდინარე, რომ მე ძალიან დიდი სამეგობრო მყავს არამარტო საპატრულო პოლიციაში, არამედ სპეცნაზში და ყველა სტრუქტურაში თითქმის, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც კი ვინახავ. აქედან გამომდინარე, რა შეურაცხყოფაც მივაყენე მათ, ამის გამო ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე საავადმყოფოში 11 სექტემბერს ღამით გადაიყვანეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან. შეუძლოდ გახდომამდე სარალიძესა და პოლიციელებს შორის ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს კარვის გაშლის უფლება. ექიმების ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს აღენიშნებოდა სისხლში გლუკოზის მომატება და ჰიპოვოლემიური მდგომარეობა. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საპროტესტო აქციები 10 სექტემბერს განაახლეს სამართლიანობის და მათი შვილების მკვლელების დასჯის მოთხოვნით. იმავე საღამოს ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო და მოითხოვა მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.