იტალიაში ქუთაისის მერის პორტრეტი გამოფინეს

ქუთასის მერის პორტრეტი

ქუთაისთან დამეგობრებულ იტალიურ ქალაქ კოზენცაში ოცი ქუთაისელი მხატვარი აგვისტოს ბოლოს იმყოფებოდა. ორი კვირის განმავლობაში მათ თავიანთი შემოქმედება იტალიელ კოლეგებს გააცნეს. გამოფენილ ნამუშევრებს შორის იყო მხატვარ ლევან გოგიტაძის მიერ შესრულებული ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიასა და კოზენცის მერის, მარიო ოჩიუტოს პორტრეტებიც.

ქუთასის მერის პორტრეტის დახატვასა და იტალიაში გამოფენას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი გიგა შუშანია ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა.

"ქუთაისის მერი ბიუჯეტის ხარჯზე იტალიაში გაჰყვა მხატვრებს, სადაც "საზეიმო" ვითარებაში გამოფინა, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი სურათი. იტალიელები აღფრთოვანებული შეხვედრიან ამ ამბავს, დიდი "პატივია", რომ "მსოფლიო დონის" "სახელმწიფო მოღვაწის" პორტრეტი პირველად ჩვენთან გამოიფინაო. ახლა ქუთაისის მერიისა და აიპების 4 300 თანამშრომლის მოთხოვნით, ეს სურათი ჩამოვა ქუთაისში და მის გადათხრილ ქუჩებში მოეწყობა დემონსტრაციები, სადაც "მადლიერი" მოსახლეობა მიესალმება ქუთაისის მერის სურათს, ასევე გაიჟღერებს მერისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები“, - წერს გიგა შუშანია.

კოზენცის მერის პორტრეტი

თავის მხრივ, მადლიერებას უკავშირებს მის მიერ ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტების დახატვას მხატვარი ლევან გოგიტაძე.

"მადლიერების გამო დავხატე. არა მხოლოდ ქუთაისის, კოზენცას მერიც დავხატე. მთავრობის ხაზით პირველად მოეწყო ასეთი პლენერი ქვეყნის გარეთ, ამიტომ მადლიერება ასე გამოვხატე და ეს ნახატები საჩუქრად გადავეცი მათ", - განაცხადა ლევან გოგიტაძემ.

ქუთაისელმა მხატვრებმა ორი კვირის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები კოზენცაში დატოვეს. ეს ნამუშევრები ქალაქის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოიფინება.