შსს ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს მარიუხანის ექსპორტის შესაძლებლობას

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. შსს-ს განცხადებით, „მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.“ შსს-ს ინფორმაციით, მის მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც „მარიხუანის მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანის მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს.“ შსს-ს განცხადებითვე, „ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანის გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით.“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველად 5 სექტემბერს განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სანქციაც მიიჩნია არაკონსტიტუციურად, თუმცა, დაუშვა მისი მოხმარების აკრძალვა საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას და ა.შ.

ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანის წარმოება და ესპორტი დააკანონოს, 11 სექტემბერს გაავრცელა სააგენტო "ინტერპრესნიუსმა."