მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან 6 სექტემბერს გვიან ღამით კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა. ამ ადგილას კლდე პირველად 31 მაისს მთაწმინდაზე, სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა.
ადგილობრივების თქმით, აქ მშენებლობა რამდენიმე დღის წინ განახლდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში მათ უთხრეს, რომ მშენებელ კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და ამ ეტაზე გამაგრებით სამუშაოებს ატარებდა. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებსაიტზე, სადაც სამშენებლო ნებართვები და საპროექტო განაცხადები საჯაროდ თავსდება, ყიფიანის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს დოკუმენტაცია კლდის პირველი ჩამონგრევის შემდეგ არ განახლებულა, შესაბამისად, განახლებული გეოლოგიური დასკვნა და პროექტი, რომელიც შესაძლოა მშენებლობის განახლების საფუძველს იძლეოდეს, არ იძებნება.
6 სექტემბერს გვიან ღამით, კლდის კიდევ ერთხელ ჩამოგრევის გამო მშენებლობის მახლობლად მაცხოვრებლემბა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები. ამ დროისთვის ადგილზე ელოდებიან მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც.