პანკისელები "ხადორი 3"-ის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ

მოსახლეობა სოფელ დუისის კულტურის ცენტრში

პანკისის მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“-ის მშენებლობის შესაძლო განახლებას აპროტესტებს. 5 სექტემბერს მოსახლეობის ნაწილი სოფელ დუისის კულტურის ცენტრში შეიკრიბა. მათი თქმით, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები განახლდება. კონკრეტული თარიღი ჯერ არ დასახელებულა. შეხვედრაზე შეკრებილთა თქმით, 4 სექტემბერს დუისის პოლიციის განყოფილების უფროსისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ „ჰესის მშენებლობას ხელი არ უნდა შეუშალონ, რადგან ამით სახელმწიფოს მიაყენებენ ზიანს“.

როგორც პანკისის მკვიდრი შენგელი ტოხოშვილი ამბობს, აქციას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი: „შეწუხებული მოსახლეობა თვითონ შეიკრიბა. გუშინ ერთ-ერთ ადგილობრივთან დუისის პოლიციის განყოფილების უფროსი მივიდა და გააფრთხილა, რომ იწყებოდა ჰესის მშენებლობა. არადა, ინვესტორებთან არსებობდა შეთანხმება, რომ 21 სექტემბერს შედგებოდა შეხვედრა, სადაც საკითხს განიხილავდნენმათი და ჩვენი დამოუკიდებელი ექსპერტების თანდასწრებით. ამიტომ ხალხი აღელდა, რადგან არაფერს ეკითხებიან. შემდეგი ნაბიჯი იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები “.

პანკისის ხეობაში რიგით მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 5,4 მეგავატი იქნება. მშენებლობა მიმდინარე წლის 29 ივნისს დაიწყო, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო სამუშაოები შეჩერდა.

კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ პანკისში, 5 სექტემბერს გამართული შეხვედრის შესახებ არაფერი იცის, თუმცა იმასაც მიუთითებს, რომ მასთან არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, რომ 21 სექტემბრამდე სამუშაოები არ უნდა განახლებულიყო. ლაშა იორდანიშვილის თქმითვე, სამუშაოები რამდენიმე დღეში, მას შემდეგ განახლდება, რაც კომპანია ეკონომიკის სამინისტროსგან ნებართვას მიიღებს .

პანკისში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე აქცია გაიმართა. მოსახლეობა ამბობს, რომ თუკი ჰესი აშენდება, ხეობა სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება, ასევე განადგურდება ეკოსისტემა.