კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეძლებდა მოლაპარაკების გამართვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სამ სამიტზე, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდეა დანიშნული. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 31 აგვისტოს გაზეთ "იზვესტიაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ ლიდერს შორის მოლაპარაკების გამართვა შესაძლებელია სინგაპურში, საფრანგეთში და არგენტინაში დანიშნულ საერთაშორისო შეხვედრებზე. პესკოვის თანახმად, კრემლს სურს ამ მოლაპარაკების გამართვა, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება "საპასუხო რეაქციაზე". 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ლიდერები საფრანგეთში შეიკრიბებიან, ომის დამთავრებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად. ამასთან, პუტინი და ტრამპი მონაწილეობას მიიღებენ 11-15 ნოემბერს სინგაპურში დანიშნულ აღმოსავლეთ აზიის სამიტში და ბუენოს-აირესში 30 ნოემბერს დანიშნულ დიდი ოცეულის სამიტში. პუტინმა და ტრამპმა 16 ივლისს ჰელსინკიში გამართეს პირისპირ შეხვედრა. ორივე ლიდერი ამბობდა, რომ დისკუსია პროდუქტიული და წარმატებული იყო.