გურამ კაშიას ჯილდოს ლევან კობიაშვილი ჩაიბარებს

გურამ კაშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გურამ კაშია ვერ დაესწრება უეფას მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალს. ღონისძიება მონაკოში დღეს გაიმართება და ქართველ ფეხბურთელს გადაეცემა თანასწორობის პრიზი ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის.

პრიზის მისაღებად სცენაზე ავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ხოლო შემდეგ, სავარაუდოდ კაშიას ვიდეომიმართვას მოისმენენ.

გურამ კაშიამ 2017 წელს ჰოლანდიის „ვიტესის“ რიგებში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატზე ლგბტ თემის დროშის სამკლავურით გავიდა მოედანზე.

უეფას ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს უეფას ვებსაიტი განახორციელებს.

უეფას ფეისბუქზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელიც გურამ კაშიას ეძღვნება.