განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმისათვის, რომ შეიცვალოს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შავი ზღვის უნივერსიტეტს ერთი წლით შეეზღუდა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება, შავი ზღვის უნივერსიტეტმა კანონით დადგენილი წესის მიხედვით, ცენტრის სააპელაციო საბჭოს უნდა მიმართოს, თუმცა, მხოლოდმას შემდეგ, რაც მათ ჩაბარდებათ ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილების ოქმი: „ოქმი უნივერსიტეტს ათი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს. ეს ვადა კი იწურება 3 სექტემბერს. საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რომ 3 სექტემბრამდე მოხერხდეს ამ ოქმის ჩაბარება. ამის შემდეგ, უკვე უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა, რომ მიმართოს სააპელაციო საბჭოს. დადგენილი წესის მიხედვით, სააპელაციო საბჭომ მაქსიმუმ თვენახევრის განმავლობაში უნდა განიხილოს საკითხი. თუკი სააპელაციო საბჭო მიიღებს დადებით დასკვნას, ანუ, ბათილად ცნობს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, საკითხი განსახილველად დაუბრუნდება ავტორიზაციის საბჭოს. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვის გამო გადაწყვეტილება სხვა უნივერსიტეტების სასარგებლოდ მიიღეს და მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაირიცხონ კვლავ შავი ზღვის უნივერსიტეტში“.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამგვარი თანმიმდევრობით წარმართული პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უნდა დასრულდეს. და სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისათვის.