ზურაბ დათუნაშვილი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დაუპირისპირდა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უახლოეს მომავალში გაეცნობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტნის - ზურაბ დათუნაშვილის პროტესტის დეტალებს და განცხადებასაც გააკეთებს.

ევროპის ორგზის ჩემპიონი უკვე მესამე კვირაა, რაც ეროვნულ ნაკრებს ჩამოშორდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. აგვისტოს დასაწყისში ზურაბ დათუნაშვილმა ბაკურიანში მიმდინარე საწვრთნელი შეკრება პროტესტის ნიშნად მიატოვა და მას შემდეგ ნაკრები კაპიტნის გარეშე ემზადება. არაოფიციალური ინფორმაციით, სპორტსმენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებმა გაანაწყენა და შექმნილი სიტუაციის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტსაც აცნობა. თუმცა უთანხმოების მიზეზს საჯაროდ მაინც არ ამხელს და ფედერაციის რეაგირებას ელის.

„დიახ, მართალია, რომ ნაკრებთან ერთად არ ვვარჯიშობ, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ“ - უპასუხა ზურაბ დათუნაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ჭიდაობაში 2018 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებამდე - მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორი თვე რჩება. იქამდე საქართველოს ნაკრები რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზეც გამოვა. დათუნაშვილთან ერთად თუ მის გარეშე, ჯერჯერობით უცნობია.