თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც იუწყება, რომ ავტორიზაციის საბჭომ მას უსამართლოდ შეუზღუდა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით. განცხადების თანახმად, უნივერსიტეტმა აპრილში წარმატებით გაიარა ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბრიტანელი სპეციალისტი, ენდი გიბსი და შემდეგ, აგვისტოში მას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ექვსი წლით მიენიჭა ავტორიზაცია. თუმცა, "ამავდროულად, საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დადებითი დასკვნა და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა ... ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა" - ვკითხულობთ განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ ჯარიმის ოდენობა ამჟამად 700 000 ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ სასამართლო დავა მიმდინარეობს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ამ ჯარიმის გამო უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა დაადეს, თუმცა შემოსავლების სამსახურმა შემდგომში ეს ყადაღა გააუქმა - რაც საბჭოს არ გაუთვალისწინებია. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში უნივერსიტეტი მზადაა დაფაროს საგადასახადო ჯარიმა და საბჭოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს და უსამართლოს უწოდებს. "800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იგნორირებულ იქნა, საბჭომ ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში" - წერს ადმინისტრაცია და დასძენს: "ავტორიზაციის საბჭოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23 წლიანი წარმატებული საგანამანათლებლო საქმიანობის გამოცდილება". უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს და ხელისუფლებასაც მიმართავს - "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული ღირებულებები, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და დაიცვას საგანამანათლებლო სივრცე არაჯანსაღი გავლენებისგან".