საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტზე შალვა კერესელიძე დაინიშნა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი იქნება, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტი ბესიკ ამირხანაშვილმა ჩაიბარა, შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გახდა, გურიის გუბერნატორი- ზურაბ ნასარია, ხოლო იმერეთში გუბერნატორის პოსტზე შავლეგო ტაბატაძე დაინიშნა.
„რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი განმარტებით, მთავრობის მიერ შერჩეულ გუბერნატორებს ეძლევათ შესაძლებლობა, ქვეყანას მოახმარონ თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი.
მამუკა ბახტაძემ ახალი გუბერნატორების წინამორბედი 5 გუბერნატორი მიმდინარე წლის ივლისში თავად გაათავისუფლა თანამდებობიდან, იმერეთის გუნერნატორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური,რაც ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარლამენტის დეპუტატის მანდატის მფლობელი გახდა, ხოლო გურიის გუბერნატორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 20 აგვისტოს თავად განაცხადა სოციალურ ქსელში.