გურიის გუბერნატორი პოსტიდან გადადგა

თანამდებობა დატოვა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ, რომელიც პოსტზე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში. „ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში.“ - წერს მერაბ ჭანუყვაძე.

დღეს, 20 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 6 რეგიონში ახალ გუბერნატორებს წარადგენს. ეს რეგიონებია შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და იმერეთი. მათგან პირველი ხუთი რეგიონის გუბერნატორები გასულ თვეში გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ხოლო იმერეთის ყოფილი გუბერნატორი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი გახდა.