კრემლი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის შედგა "ძალიან სერიოზული და დეტალური" დისკუსია, რომელიც ბერლინთან ახლოს გაიმართა, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და შეეხო უკრაინას, სირიას, ირანს და გაზსადენის პროექტს. ეს ინფორმაცია, რომელიც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 19 აგვისტოს მიაწოდა, პირველი კომენტარი იყო ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ. ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. გავრცელდა ცნობა, რომ ლიდერები მოლაპარაკების შემდეგ არ გამართავდნენ პრესკონფერენციას და არც სხვა ოფიციალური განცხადება გაკეთებულა. პესკოვის თქმით, მერკელმა და პუტინმა "ზოგადად გაცვალეს შეხედულებები" უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და სინანული გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ არ არის პროგრესი ე.წ. მინსკის შეთანხმების განხორციელების პროცესში. 2014 წლის სექტემბრის და 2015 წლის თებერვლის მინსკის შეთანხმებები მიზნად ისახავს კონფლიქტის გადაჭრას აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები კიევის სამთავრობო ძალებს ებრძვიან. 2014 წლის შემდეგ ამ ომმა 10 300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.