რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი 18 აგვისტოს შეხვედრას გამართავენ და განიხილავენ უკრაინის და სირიის კონფლიქტებს, ისევე, როგორც პროექტს "ჩრდილოეთის ნაკადი 2", რომელსაც აშშ-ის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. პუტინი გერმანიაში ჩავა ავსტრიიდან, სადაც ის დაესწრო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნეისლისა და ბიზნესმენ ვოლფგანგ მეილინგერის ქორწილს. მერკელი 17 აგვისტოს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პუტინთან მოლაპარაკების გარშემო არ უნდა იყოს დიდი მოლოდინი. "რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვინდა" - უთხრა მან ბერლინში ჟურნალისტებს - "ეს სამუშაო შეხვედრაა და კონკრეტულ შედეგებს არ ველით, მაგრამ ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების რიცხვი ისე დიდია - იქნება ეს უკრაინა, სირია თუ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები - რომ პერმანენტული დიალოგი გამართლებულია". მერკელის თქმით, "რუსეთს უდიდესი გავლენა აქვს ყველა ამ საკითხზე და თუ მათი მშვიდობიანი გადაწყვეტა გვსურს, ხშირად უნდა გვქონდეს დისკუსია". ორი ლიდერი ბოლოს მაისში, სოჭში შეხვდა ერთმანეთს.