არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება დიღმის ტყე-პარკში მშენებლობების შესაძლო განახლებას

დიღმის ტყე-პარკი

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის მერიას და საკრებულოს მოუწოდა, არ გასცენ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი მშენებლობის ნებართვა. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს დიღმის მოსახლეობის მოთხოვნას და დედაქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართეს, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია გამოაცხადონ ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, დიღმის მოსახლეობა და აქტივისტები 15 წელია იბრძვიან ტყე-პარკის გადასარჩენად, დღეს კი ახალი პრობლემა დგება და შესაძლოა, კომპანია „ანაგმა“ დაიწყოს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ტყე-პარკს დააზიანებს. ხუციშვილის ინფორმაციით, ახალი კომპლექსი იქნება არა მხოლოდ ორანჟერეა, არამედ სადღესასწაულო ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და ბევრი სხვა რამ და თუ ეს მშენებლობა დაიწყო შესაძლოა, განახლდეს ბევრი სხვა გაჩერებული მშენებლობაც. თბილისის მერიისა და საკრებულოსადმი მიმართვას ხელს აწერენ: „კავკასიური სახლი,“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ „მწვანე ალტერნატივა,“ „ადამიანის უფლებათა ცენტრი,“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი,“ ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო,“ „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის,“ CENN-ი და „უსაფრთხო სივრცე.“