ტრამპმა ხელი მოაწერა თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასაც ითვალისწინებს

დონალდ ტრამპი ფორტ-დრამის სამხედრო ბაზაზე. 2018 წლის 13 აგვისტო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ, 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 716 მილიარდი დოლარია. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ფორტ-დრამის სამხედრო ბაზაზე. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში იომებს და გაიმარჯვებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია და სამხედროებს აძლევს ნებისმიერ კონფლიქტში გამარჯვების შესაძლებლობას.

კანონში ცალკე თავი ეთმობა ევროპაში რუსული აგრესიის შეკავების აუცილებლობას. დოკუმენტის თანახმად, უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც გააერთიანებს ევროპელი მოკავშირეების და პარტნიორების მხარდაჭერას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად და პირდაპირ ემუქრება რუსული აგრესია. დოკუმენტის ამ ნაწილში ხაზგასმულია საქართველოს უსაფრთხოების აქტიური მხარდაჭერის აუცილებლობა, მათ შორის თავდაცვითი საშუალებებით, ლეტალური იარაღის ჩათვლით, რამაც უნდა განამტკიცოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და მზადყოფნა და გააუმჯობესოს ნატოს ძალებთან ოპერატიული თავსებადობა. გარდა ამისა, შავ ზღვაში უნდა გაიზარდოს ნატოს წვრთნების სიხშირე და მასშტაბი, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი ითვალისწინებს უკრაინის აქტიურ მხარდაჭერასაც და სამხედრო დახმარების გაზრდას.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 13 აგვისტოს ხელმოწერილი „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ რუსეთის პოლიტიკის აქტიური მოწინააღმდეგის, ჯონ მაკკეინის სახელობისაა. ვიეტნამის ომის ვეტერანი, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი ამჟამად ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის.