ერდოანი: თურქული ლირის გაუფასურება პოლიტიკური შეთქმულების შედეგია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ქვეყნის მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა, ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ამერიკული დოლარი გაყიდონ და ლირა შეიძინონ. ერდოანმა ბიზნესმენებს მიმართა, უარი თქვან ამერიკული ვალუტის მომარაგებაზე. 12 აგვისტოს, ქალაქ ტრაბზონში, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოანმა განაცხადა, რომ ლირის გაუფასურება თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკური შეთქმულების შედეგია და ამ ოპერაციის მიზანია თურქეთმა პოზიციები დათმოს ყველა მიმართულებით.

თურქეთსა და აშშ-ს შორის ბოლო ხანს გაუარესებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ. მას ანკარა ადანაშაულებს ჯაშუშობასა და კავშირში 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ საზოგადო მოღვაწესთან, ფეტულა გიულენთან.

გასულ პარასკევს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა თურქეთიდან ალუმინის იმპორტის გადასახადი გააორმაგა, რის შემდეგაც ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით 16%-ით გაუფასურდა. პრეზიდენტმა ერდოანმა აშშ-ის მოქმედებას უწოდა ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი და მიზანმიმართული ოპერაცია თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.