ახალ ამერიკულ სანქციებს რუსულმა რუბლმა გაიაფებით უპასუხა

აშშ-ის გადაწყვეტილებამ, დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის რუსეთს დაუწესოს ახალი სანქციები, რუბლის კურსის ვარდნა გამოიწვია. რუსეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთ დღეში გაიაფდა დაახლოებით 3%-ით და 8 აგვისტოს, დღის ბოლოს შეადგინა 65,55 რუბლი. ეს ყველაზე დიდი გაიაფებაა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ. თითქმის 3%-ით დაეცა რუსეთის ძირითადი საფონდო ინდექსი РТС.

8 აგვისტოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ქიმიური ნივთიერების გამოყენებით რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, რის გამოც 22 აგვისტოდან აიკრძალება ეროვნული უსაფრთხოების სფეროსთვის მნიშვნელოვანი საქონლის, კერძოდ, ავიაციისთვის აუცილებელი ელექტრონული დანადაგრების ექსპორტი. ტელეკომპანია NBC სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ თუ რუსეთი სამი თვის განმავლობაში არ წარმოადგენს მყარ გარანტიებს, რომ აღარასდროს გამოიყენებს ქიმიურ და ბილოგიურ იარაღს, სანქციები გაფართოვდება. მათ შორის აიკრძალება აშშ-ში ავიაკომპანია „აეროფლოტის“ რეისები.

რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 მარტში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს რუსული წარმომავლობის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“ იულია სკრიპალი სოლსბერის ჰოსპიტლიდან აპრილში გაწერეს, სერგეი სკრიპალი კი მაისში. სკრიპალებზე თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.