საგამოძიებო კომისია ისმენს შს-თა მინისტრის და ყოფილი მთავარი პროკურორის განმარტებებს

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. კომისიის წევრები ახსნა-განმარტებებს იღებენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისგან. პირველი შეკითხვა, რომელიც მათ დაუსვა კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ირაკლი აბესაძემ იყო ის, იცნობენ თუ არა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს, რომლის შვილი მოზარდებს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე იყო და მოწმის სტატუსი აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ იცნობდა და მასთან კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ ახალი, გამოყოფილი საქმის ფარგლებში ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვისას. ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, ბუნებრივია, იცნობდა მირზა სუბელიანს, რომელიც მისი თანამშრომელი იყო.

კომისიის კიდევ ერთი წევრი „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძე დაინტერესდა, თვლიან თუ არა გიორგი გახარია და ირაკლი შოთაძე, რომ დასაწყებია გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს ხომ არ იყენებდა მირზა სუბელიანი სამსახურებრივ მდგომარეობას ან პირად ნაცნობობას იმისთვის, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.

„ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალოს. ველოდებით თქვენს დასკვნას, ამისთვის ხართ შექმნილი“ - განუცხადა კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ. ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებები შეფასებულია და ის გამოძიება, რაც მირზა სუბელიანის მიმართ უნდა დაწყებულიყო, დაწყებულია. „იმაზე, რა შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტიც შეიძლება ყოფილიყო ჩადენილი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია და სხვა რაიმე ფაქტზე რომ ყოფილიყო გამოძიება დასაწყები, დაიწყებოდა. ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს ადანაშაულებს საქმის მასალების გაყალბებასა და დამნაშავეთა მფარველობაში. სუბელიანმა, რომელიც მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, თანამდებობა დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, 2017 წლის 3 დეკემბერს. პროკურატურისგან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, შსს-ს თანამშრომლებმა მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია.