იუსტიციის საბჭოს წევრთა მოსაზრებები გვენეტაძის გადადგომის გამოც ორად გაიყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ სამწუხარო და მოულოდნელი უწოდა ნინო გვენეტაძის გადადგომას უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. მიქაუტაძის თქმით, საბჭოს წევრთა ნაწილს და ნინო გვენეტაძეს გარკვეულ საკითხებზე ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ბოლო დროს მათი ხედვები მნიშვნელოვნად დაახლოვდა. „გადასული ვიყავით მაქსიმალურად კონსტრუქციულ რჟიმში საქმიანობაზე და ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიც ამაზე მეტყველებს, რომ თითქმის ერთსულოვნად იყო საბჭო ყველა საკითხის მიმართ განწყობილი“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მიქაუტაძემ. შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება საბჭოს მხრიდან ზეწოლას, მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ეს მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობაა. გიორგი მიქაუტაძემ ნინო გვენეტაძეს ჯანმრთელობა უსურვა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, ნინო გვენეტაძისთვის თანამდებობაზე მუშაობას გაუსაძლისს ხდიდა სამი ფაქტორი. “პირველი, ეს არის სასამართლოში დარჩენილი, გაბატონებული დაჯგუფება და მისი გავლენა, რომელიც რეალურად აკონტროლებს სასამართლოს. მეორე, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლო რეფორმის მიმართ მხარდაჭერის არქონა და მესამე, ეს არის უდაოდ ის რამდენიმე დიდი დარტყმა, რომელიც მიადგა სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციას, რამდენიმე დიდ საქმესთან მიმართებაში კითხვების გამო“ - განაცხადა ანა დოლიძემ

ნინო გვენეტაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა და მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ.