საქართველოს მთავრობა აპირებს გაამკაცროს გარემოსდაცვითი სტანდარტები და დაუახლოვოს ის ევროპულ მოთხოვნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცით კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო. პრემიერ-მინისტრის თქმით, მომდევნო წლებში უფრო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის განვითარების თვალსაზრისით. "თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს, განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ პირველი აგვისტოდან ქვეყანაში ვიწყებთ ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გამოყენებით“, - განაცხადა ბახტაძემ.