ხაიშში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სპეცრაზმი ხაიშში

ხაიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა. აქციის200-მდე მონაწილე მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის სპეცრაზმი. პროტესტი ფინანსური პოლიციის ღონისძიებას მოჰყვა. როგორც ადგილობრივი ზურაბ ნიჟარაძე ამბობს, ფინანსურმა პოლიციამ დილიდანვე დაიწყო ოჯახების შემოწმება უკანონო სახერხების გამოსავლენად.

„უკვე რამდენი წელია ვითხოვთ, რომ ადგილობრივებს ალტერნატიული განვითარების საშუალება მოგვცენ, მაგრამ სულ გვეუბნებიან, თქვენთან ტურიზმია პრიორიტეტიო. ამიტომ ხალხი ახლა ხე-ტყით არის დაკავებული, ეს კარგი არ არის, მაგრამ ოჯახები რომ შეინახონ, იძულებულები არიან. ვითხოვთ, მოგვცენ განვითარების სხვა საშუალება.“

Your browser doesn’t support HTML5

ხაიშში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ფინანსური პოლიციის გამოჩენას მღელვარება და დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც მოსახლეობამ ხაიშის ცენტრში გზა გადაკეტა.

აქტივისტი დათო გულბანი ამბობს, რომ ფინანსური პოლიციის ქმედება ხალხის შეშინებას ექვემდებარება.

„ეს გასაგები იქნებოდა იმ ხალხს რომ მისდგომოდნენ, ვინც ხელისუფლებაშია, მაგრამ „ლიფსიტებს“ მიადგნენ...“

ფინანსური პოლიციის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ ღონისძიება მთელი საქართველოს მაშტაბით ტარდება. ამასთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა.

Your browser doesn’t support HTML5

მამუკა ბახტაძე ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ

„ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომელთა აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება. გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან მიმართებაში. მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი, თუკი იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ხელს აფარებსს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.