კომპანიამ, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა,“ რომელიც ტყიბულის შატხებს ამუშავებს, სამსახურიდან დაითხოვა სამი ხელმძღვანელი. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ბანძელაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მეშახტეთა მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა ხელი მოაწერა ბრძანებას და თანამდებობიდან გაათავისუფლა წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. ნათია ბანძელაძის ინფორმაციით, თავად ჯამბულ ჯაყელიც გადადგება მას შემდეგ, რაც დასრულდება შახტის უსაფრთხოების ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოები.
ტყიბულელი მეშახტეები ხელმძღვანელებს აკისრებენ პასუხისმგებლობას მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარ უბედურ შემთხვევებზე, რომელთა შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.