ბრიტანული მედიის ცნობით, სკრიპალებზე თავდამსხმელები იდენტიფიცირებულნი არიან

იულია სკრიპალი

დიდი ბრიტანეთის პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილ პოლკოვნიკზე, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტზე, სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე - ამის შესახებ სააგენტო Press Association-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. გამომძიებლებმა სავარაუდო დამნაშავეები დაადგინეს ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შედარებით მონაცემებთან იმ პირებისა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ სკრიპალების მოწამვლის პერიოდში. გამოძიების შესახებ ინფორმირებული წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილები რუსეთიდან არიან.

სერგეი და იულია სკრიპალები 2018 მარტში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს რუსული წარმომავლობის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“ იულია სკრიპალი სოლსბერის ჰოსპიტლიდან აპრილში გაწერეს, სერგეი სკრიპალი კი მაისში. მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია. სკრიპალებზე თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.