მოსახლეობის 96%-ს სმენია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ. ამგვარი შედეგი მიიღო კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, რომელმაც ივნისში გამოკითხა მოქალაქეები, თუ რამდენად იცნობენ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი სკოლის მოსწავლის საქმეს და როგორია მათი დამოკიდებულება ამ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (96%) სმენია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ, მათგან მხოლოდ 17%-მა იცოდა ზუსტად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე.
შეგახსნებთ, მოსამართლემ ერთ-ერთ ბრალდებულს მკვლელობისთვის, ხოლო მეორე ბრალდებულს მკვლელობის მცდელობისთვის შეუფარდა სასჯელი. საქართველოში მცხოვრებთა უმრავლესობამ (61%) არ იცოდა, რა გადაწყვიტა სასამართლომ. დანარჩენებს კი არაზუსტი ან ნაწილობრივი ინფორმაცია ჰქონდათ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, მოსახლეობის 9%-მა განაცხადა, რომ სასამართლომ ერთი ბრალდებული გაამართლა, მეორეს კი მკვლელობისთვის შეუფარდა ციხის სასჯელი. 5%-მა უპასუხა, რომ სასამართლომ ორივე ბრალდებული გაამართლა, ხოლო 2%-ის თქმით, მოსამართლემ ორივე ბრალდებულს მკვლელობისთვის შეუფარდა სასჯელი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ თბილისის მცხოვრებლები შედარებით უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებული ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, ვიდრე საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტების მოსახლეობა (7-10%-იანი განსხვავება).
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრ მიერ გავრცელებული სტატიის თანახმად, საპროტესტო აქციებმა, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, ორი შედეგი გამოიღო: თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქმის საგამოძიებო პროცესის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს მოსახლეობის 50 % ემხრობა, 19 % კი არ ემხრობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ. 30 %-ს გაუჭირდა შოთაძის გადაწყვეტილების შეფასება. რაც შეეხება საპარლამენტო კომისიას, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სმენია ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ დროებით კომისიასთან დაკავშირებით. 28% მიიჩნევს, რომ კომისია შეძლებს სიმართლის დადგენას, 32%-ის აზრით კი კომისია ამას ვერ შეძლებს.