ტრამპი და პუტინი აქებენ „პირველ ნაბიჯებს“ აშშ-რუსეთის ურთიერთობის გამოსწორებისაკენ

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი აცხადებენ, რომ ჰელსინკიში 16 ივლისს გამართულ სამიტზე გადადგეს „პირველი ნაბიჯები“ ორ ქვეყანას შორის შორის უაღრესად დაძაბული ურთიერთობის გამოსწორებისაკენ. პუტინმა სამიტს უწოდა „ძალიან წარმატებული და სასარგებლო“ და აღნიშნა, რომ ტრამპთან ერთად განიხილა შეიარაღების კონტროლთან, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებთან, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხებში. ორმხრივი საუბრები, მთლიანობაში, ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მათ შორის იყო, დაახლოებით, ორსაათიანი შეხვედრა პირისპირ. ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ ტრამპმა წამოჭრა აშშ-ის 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში კრემლის სავარაუდო ჩარევის ბრალდება. კრემლის ლიდერმა ის კიდევ ერთხელ უარყო. თავის მხრივ, ტრამპმა აღნიშნა, რომ „პირდაპირ“ პუტინთან წამოჭრა საარჩევნო კამპანიაში ჩარევის საკითხი, რომელსაც დიდი დრო დაუთმეს. ტრამპს არ უსაუბრია დეტალებზე და არ უთქვამს, რა შედეგი მოჰყვა დისკუსიას. ორივე პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, გაიმართოს მოლაპარაკება შეიარაღების კონტროლის თემაზე. პუტინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი ბირთვულ შეიარაღებაზე და რომ მან კონკრეტული წინადადებები წამოაყენა. ასევე პუტინის თქმით, რუსეთმა და აშშ-მა უნდა გამართონ მოლაპარაკება „ახალი სტარტის“ 2010 წლის ხელშეკრულების განვრცობის მიზნით. ხელშეკრულებამ ახალი შეზღუდვები დაუწესა ორი ქვეყნის ბირთვულ არსენალებს.