აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ნატოს ალიანსის სხვა წევრმა ქვეყნებმა თანხმობა განაცხადეს თავიანთი თავდაცვითი ბიუჯეტების გაზრდაზე, მას შემდეგ, რაც ტრამპი კრიტიკით გამოვიდა ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე. დაუგეგმავი შეხვედრის შემდეგ საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ ნატოს რამდენიმე სხვა წევრის ლიდერები დათანხმდნენ გეგმას უფრო სწრაფად მიუახლოვონ თავიანთი ხარჯები მიზანს, ანუ მშპ-ის 2 პროცენტს. ნატოს წევრმა ქვეყნებმა 2014 წელს განაცხადეს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის მიაღწევდნენ ხარჯების ამ სამიზნეს, 2 პროცენტს. ტრამპის თქმით, "შედარებით ნაკლებ წელიწადში" ნატოს მოკავშირეები დამატებით 33 მილიარდ დოლარს დახარჯავენ თავდაცვაზე. დაუგეგმავი შეხვედრის შემდეგ ტრამპი ამბობს, რომ ნატო ახლა "ძალიან ერთიანია, ძალიან ძლიერი, პრობლემები არ არის". ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამიტის დასკვნის სახით განაცხადა, რომ ყველა მოკავშირემ ხმამაღლა და ცხადად გაიგო პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი. ნატოს სამიტის მონაწილებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ნატო უარყოფს რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ძალისმიერ ანექსიას. სტოლტენბერგის თანახმად, რუსეთის ეს ნაბიჯი „ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ნატომ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება ცივი ომის შემდეგ, პირველად“. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყირიმის თაობაზე განაცხადა, „არ შემიძლია გითხრათ, რა მოელის ყირიმს, მაგრამ ყირიმის გამო ბედნიერი არ ვარ“. გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა თქვა, რომ შეხვდა საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს, რომლებთანაც „ვისაუბრეთ საერთო შეშფოთებებზე, ასევე რუსეთის მხრიდან მათი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის შექმნილ საფრთხეზე. „დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმუშაოთ ერთად ნატოს წევრობისთვის საქართველოს მომზადების საქმეში და გავზარდოთ დახმარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისის მენეჯმენტი, წვრთნა და ვარჯიში, თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, „ნატოს ლიდერებმა აღიარეს საქართველოს არსებითი წინსვლა მის მიერ გატარებული რეფორმების საქმეში“.