ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად მოვამზადოთ - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 12 ივლისს ნატოს ბრიუსელის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ შევხვდით საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს და განვიხილეთ მათი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მისამართით რუსეთისგან მომავალი საერთო საფრთხეები. დღეს შევთანხმდით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე იმისათვის, რომ საქართველო მოვამზადოთ ნატოში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მანამდე გამოქვეყნდა საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაციის ტექსტი, რომელიც, ბრიუსელის სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დამტკიცდა. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს აუცილებლად დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პირველად გაიმართა ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მონაწილეობით.