ზაზა ვიბლიანი: ჭუბერში საკმაოდ რთული ვითარებაა

მესტიის საკრებულოს წევრის, ზაზა ვიბლიანის თქმით, სოფელ ჭუბერში საკმაოდ რთული ვითარებაა. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, წაღებულია ხიდები, გზები, ჯებირები, დატბორილია სახლები: „სოფელში ახლაც მოედინება ადიდებული მდინარე. ჯერჯერობით მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. ვითარება საკმაოდ რთულია. წყალი დაახლოებით დღის პირველი საათისათვის მოვარდა. სოფელს შუაზე ჰყოფს მდინარე ნენსკრა და ამიტომ სოფლის ცენტრს სერიოზული ზიანი მიადგა. მდინარემ ადიდება დღეს დილიდან დაიწყო, თუმცა, ერთი საათია წყლის დონემ კატასტროფულად მოიმატა. ზედა სოფლებიდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს წყლის შესაძლო მოვარდნის შესახებ. შეძლებისდაგვარად დროულად გავხიზნეთ ცენტრში მცხოვრები მოსახლეობა. მოსახლეობის ნაწილი მდინარის ერთ ნაპირასაა დარჩენილი, ნაწილი კი მეორე ნაპირას. საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამ წუთებში მაშველები მუშაობენ“.

დავით გულბანი მოძრაობა „ლავხორის“ წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელ ჭუბერში მოხდა ის, რისაც ეშინოდა ადგილობრივ მოსახლეობას და რის გამოც ეწინააღმდეგება საშიში პროექტების მშენებლობას: „უღრუბლო ცაზე, უცაბედად მოვარდა უზარმაზარი წყლის მასა, რომელსაც მოაქვს ხეები, უზარმაზარი ლოდები. დაახლოებით ისეთი რამ ხდება, რაც 2015 წელს, ვერეს ხეობაში მოხდა. ჩემი ინფორმაციით, მოწყვეტილია ხიდები და წაღებული აქვს გზები. მოსახლეობის ნაწილის სახლები მოქცეულია წყლის მასაში. ამ წუთას, შესაძლოა, ეს სტიქია ვერ დაბრალდეს ნენსკრაჰესის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მიმდინარეობდა და ტარდებოდა ბურღვითი სამუშაოები, მაგრამ მდინარის ხასიათიდან გამომდინარე, ყველანაირი მსგავსი ტიპის სამუშაოები, სახიფათოა“.

მდინარე ნენსკრის ადიდების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში. მდინარემ სოფელი ჭუბერი დატბორა, სადაც 300-მდე კომლი ცხოვრობს.