ესტონეთის მთავრობა არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ პროექტად მიიჩნევს გაზსადენს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. „ეს მხოლოდ ბერკეტია, რომლის დახმარებით რუსეთი შეაღწევს ევროპულ პოლიტიკაში“ - განაცხადა გერმანულ გაზეთთან, Die Welt-თან ინტერვიუში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიკსერმა. მისივე თქმით, ამ პროექტის შეჩერება ევროკავშირის ინტერესებშია.
ევროკომისიაში შიშობენ, რომ ახალი გაზსადენი გაზრდის რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკვე არსებული მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ პარალელურად უნდა აშენდეს და ბალტიის ზღვის გავლით, ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშიროს რუსეთი და გერმანია. პროექტის მოწინააღმდეგეთა არგუმენტია ისიც, რომ ახალი მილსადენის ამუშავების შემდეგ, რუსეთი შეაფერხებს უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდებას უკვე არსებული მილსადენით და კიევი დაკარგავს თანხას, რომელსაც ტრანზიტის სანაცვლოდ იღებს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატებიც. 29 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ინიცირებული პროექტი გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ენერგორესურსებზე. ამასთან, აშშ მხარს უჭერს „სამხრეთის გაზის დერეფანს,“ რომლითაც ევროპამ აზერბაიჯანული გაზი უნდა მიიღოს საქართველოს და თურქეთის გავლით.