სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ პასუხს გასცემენ მისი დეტალურად შესწავლის შემდეგ. მედოევმა „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ ეს სია ტოვებს „მაგნიტსკის სიის“ ასლის შთაბეჭდილებას.
ეს არის „საქართველოს მეგობრების“ საკმაოდ წარუმატებელი პროექტი იმ პროექტებიდან, რომლებიც შემუშავებულია იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არ შემცირდეს ანტიოსური და ანტიაფხაზური განწყობები - განაცხადა მედოევმა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის, პეტრე გასიევის ინფორმაციით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ უპასუხებენ ქართველების მიერ 1992 წელს მოკლული გრიგორი სანაკოევის სახელობის სიით, რომელსაც გასიევის მტკიცებით, დიდი ხანია ამზადებენ და მასში შეიყვანენ საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ თუნდაც, 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ გენოციდში.