დე ფაქტო ხელისუფლება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დახურულად აცხადებს

ოკუპირებული აფხაზეთის დროშა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმირ არლანის განცხადებით, გალში ხუთმხრივი შეხვედრების განახლების საკითხი აქტუალური არ არის, რადგან ქართული მხარე კომპრომისისთვის მზად არ არის. გალში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე აფხაზურ მხარეს არლანი ხელმძღვანელობს. 27 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს აღარ განხილულიყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და ქართული მხარის უარის შემდეგ, გალის შეხვედრა დატოვეს, ვლადიმირ არლანმა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის საკითხი ჯერ კიდევ ამ გაზაფხულს დაისვა და ქართული მხარე გააფრთხილეს, რომ მსგავსი დოკუმენტი უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა, მათ შორის მოლაპარაკების პროცესისთვის. არლანის თქმით, აფხაზური მხარისთვის ოთხოზორიას მკვლელობის თემა დახურულია „რამდენიმე მიზეზით, რომელიც იცის მოლაპარაკების ყველა მონაწილემ,“ თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული მხარე ამ საკითხს ყოველ ჯერზე აყენებს. არლანის განცხადებითვე, აფხაზური მხარისთვის მიუღებელია, რომ ქართული მხარე ახდენს სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიზებას.

„ეხო კავკაზასთან“ საუბრისას ვლადიმირ არლანმა დაადასტურა, რომ ქართული მხარისგან მიიღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის მასალები. „თუმცა, ჩვენ გადმოგვეცა დოკუმენტების ასლები, რომლებიც სათანადოდ გაფორმებული არ იყო, ამოშლილი იყო მოწმეების, დაზარალებულების და იმ პირთა მონაცემები, ვინც საპროცესო მოქმედებებს ატარებდნენ“ - განაცხადა არლანმა. მისივე მტკიცებით, ვიდეოჩანაწერები, რომლებსაც ქართული მხარე ხშირად ეყრდნობა როგორც დანაშაულის დეტალების ამსახველ მასალას, სრულიად უხარისხოა. არლანის თქმით, ამ მასალებს სასამართლოში საქმის წარმოებისას ვერ გამოიყენებდნენ, ამიტომ ქართულ მხარეს შესთავაზეს მასალების მოწესრიგება, ან საქმის დახურვა.

რაც შეეხება გალის შეხვედრების განახლებას, ვლადიმირ არლანის განცხადებით, ეს საკითხი აქტუალური არ არის ქართული მხარის არაკომპრომისული პოზიციის გამო. ამასთან, არლანმა აღნიშნა, რომ აფხაზურმა დელეგაციამ შეინარჩუნა ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმში გაეროს წარმომადგენელთან კონტაქტების გაგრძელების შესაძლებლობა და მზად არის მოუსმინოს ქართულ მხარესაც, „თუ მას ახალი იდეები გაუჩნდება.“

ოკუპირებული გალიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება გამოყენებულ იქნა რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის და მათ ფორმატისთვის შეუფერებელი შანტაჟის და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამოღება.“ ირაკლი ანთაძის თქმით, ეს მოთხოვნა მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რადგან პრიორიტეტული საკითხია გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ სამართლის აღსრულება. რადიო თავისუფლების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა აფხაზური მხარის მონაწილეობის შეწყვეტა გალის და ჟენევის შეხვედრებში, ანთაძემ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მოვლენათა განვითარებას უნდა დაელოდონ.