ცხინვალში ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის გადახედვას ითხოვენ

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საქმეში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი არ შეესაბამება ამოცანებს, რომლებიც ამ ფორმატის წინაშე დგას. მურატ ჯიოევი ითხოვს დღის წესრიგიდან ამოიღონ ფრაზა „და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები“, რადგან, მისი თქმით: „ჩვენ და ჩვენი კონტრპარტნიორები და მათი დასავლელი მფარველები ამ ფრაზას განსხვავებულად აღვიქვამთ, ამიტომ ასეთი ფორმულირება აღარაა სავალდებულო და ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია“. მურატ ჯიოევმა დასძინა, ცხინვალისთვის უსაფრთხოების გარანტს რუსეთის სამხედრო ძალები წარმოადგენს, საქართველოსთვის კი „სხვა ძალები“, ამიტომ, ამ საკითხის ერთ პუნქტში გაერთიანებას არ ვეთანხმებითო.