ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძე კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა, რატომ არ დაილუქა ძირითადი შემთხვევის ადგილი - ფარდული, სადაც დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა, და რატომ მოხდა ფარდულის დემონტაჟი.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის, კახაბერ სირაძის განმარტებით, საპროცესო კოდექსით შემთხვევის ადგილია ის ადგილი, სადაც დანაშაული მოხდა და მას უფლებამოსილი პირი ათვალიერებს გარემოებების აღდგენის და ნივთმტკიცებების მოპოვების მიზნით. სირაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იყო ყველა შესაძლო კვალი, ნივთმტკიცება და საგანი და გადაიღეს 400-მდე ფოტოსურათი.
კახაბერ სირაძის განცხადებით, ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება გამომძიებლებისგან დამოუკიდებლად, მათთვის მიმართვის გარეშე მიიღეს იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა და რაიმე განკარგულება გაცემული არ ყოფილა. სირაძის განმარტებითვე, შემთხვევის ადგილია ხორავას 4 ნომერში მდებარე მთლიანი ეზო და მისი ნაწილია საერთო სარგებლობაში არსებული ფარდული, რომლის დანგრევასაც მობინადრეები მანამდეც აპირებდნენ. კახაბერ სირაძის ინფორმაციით, ფარდული სრულად დანგრეული არ არის და საჭიროების შემთხვევაში, მისი აღდგენა შესაძლებელია. გამომძიებელმა კომისიას განუმარტა, რომ უკვე ჩატარებული იყო აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მოწმეთა გაყვანა შემთხვევის ადგილზე და ექსპერიმენტები.