საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოპუსის წარმომადგენლები შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინიციატივით გამართული შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უცხოელ დიპლომატებს ესაუბრნენ საქმის დეტალებსა და გამოძიების პროცესში არსებულ დარღვევებზე. „ჩვენ ვითანამშრომლებთ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა სრულად ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რატომ არ არის სრულად გამოძიებული და რატომ არ არიან დაკავებული მკვლელები და ის პირები, ვინც საქმის გაყალბებას შეეცადა. შეუძლიათ რამდენიმე სიტყვა შეგვაწიონ და მიმართონ ხელისუფლებას რომ დაუყოვნებლივ წარმართოს სწორი გამოძიება და არა ისე, როგორც ამას დღეს შსს აკეთებს" - განაცხადა სარალიძემ. მისივე თქმით, უცხოელ დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებაც. ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, დიპლომატებს აინტერესებდათ, რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე.
Your browser doesn’t support HTML5