საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა. "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა პარტიის პოლიტიკურ გუნდსა და მის ხელმძღვანელს ნდობის გამოცხადებისთვის და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ის პარლამენტის წინაშე წარდგება თავისი ხედვით, რომელიც, ბახტაძის განცხადებით, დაეფუძნება კონკრეტულ პრინციპებს, მათ შორისაა: "ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია", ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება "ყველა საჭირო მიმართულებით", ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბება "ახალი, სამართლიანი თამაშის წესებით". მამუკა ბახტაძე აცხადებს: "ჩვენ შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის". ერთ-ერთ პრინციპად ის ასახელებს "მცირე მთავრობის კონცეფციას": "საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები". პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საჭიროდ თვლის ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერებას სამთავრობო უწყებებზე "ანტიკორუფციული ხაზით". "ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა". "მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი", - აცხადებს მამუკა ბახტაძე.