საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების ორ თანამშრომელს. დაუსწრებლად ბრალდებულები არიან ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი, ალიკ ტაბოევი. მათ ბრალად ედება არჩილ ტატუნაშვილთან ერთად კიდევ ორი მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაც.
პროკურატურის მიერ 14 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით „დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად დადიოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ეწეოდა მცირე სამეწარმეო საქმიანობას. 2018 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ზემოხსენებული ტერიტორია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აგვისტოში, რის გამოც გადაწყვიტეს მისი დასჯა და წამება.“
პროკურატურის ცნობითვე, 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ. და ლ.ქ. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი ავტომანქანით და ლ.ქ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შეიტანეს ხილ-ბოსტნეული, ეს კი „ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.“
პროკურატურის განცხადებით, „მიზნის მისაღწევად, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს, ი.პ.-ს და ლ.ქ.-ს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის „КГБ“-ს განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით ი.პ. და ლ.ქ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, სადაც არჩილ ტატუნაშვილს დაადეს ხელბორკილი და წამების მიზნით გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც ის წაიყვანეს ცხინვალში.“
გამოძიების ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გადაყვანამდე ლ.ქ. და ი.პ. დროებით გაათავისუფლეს, თუმცა შემდგომ კვლავ აღუკვეთეს თავისუფლება.
“ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 25-1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამებაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. გურწიევისა და ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურის განცხადებითვე, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დასადგენად.