პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი უკმაყოფილოა, რომ ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მისი შვილის საქმეს არ ახსენებს. „წუხელ ნიკა გვარამიასთან როცა საუბრობდა „ევროპული საქართველოდან“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკამ ოთხჯერ შეახსენა მაჩალიკაშვილის საქმე და ვითომ არ ესმოდა. არ აინტერესებდა“ - განუცხადა 11 ივნისს, ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფება ზაზა სარალიძესთან ერთად. მაჩალიკაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნას დაპირდნენ, თუმცა, კონკრეტულად ვინ მალხაზ მაჩალიკაშვილს არ უთქვამს. „თემირლანი მოკლეს და ეს არის რეალობა. ჩემთან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. რომ გამოაცხადეს ჩემი შვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილად, ეგ არის ჩემთვის მის სიკვდილზე მეტი. აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა, აღიაროს სახელმწიფომ თავის შეცდომა და დასაჯონ ის ხალხი, ვინც ჩემთან ჩაიდინა ეს ტერაქტი“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, რამადანის დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციები პანკისის ხეობაშიც დაიწყება.