ნიქო გორგილაძე, რომელიც 17 მაისის აქციაზე ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, მომხდარიდან 20 დღის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად ცნო. აქციაზე მისი ცემის გახმაურებული ფაქტის შემდეგ მის ფეისბუკ გვერდზე მუქარის შემცველი გამოხმაურებები არ შეწყვეტილა. ნიქო გორგილაძე ამბობს, რომ 17 მაისის მერე, როგორც ჩანს, ცნობდნენ ტრანსპორტშიც, საიდანაც რამდენჯერმე მისი გაძევება მოინდომეს.
„ორჯერ ავტობუსიდან მაგდებდნენ, „პიდარასტთან ერთად არ ვიმგზავრებთო“, ამბობდნენ. მე არ ჩავედი, მერე ავტობუსი წითელზე გააჩერეს და თვითონ ჩავიდნენ. გამომძიებელმა მკითხა, პროკურორს შეკითხვა გაუჩნდა, რატომ არ ჩახვედი, შეგეშინდა თუ აგრესიულად განწყობილ მგზავრებს იწვევდიო... ძნელია პოლიციასთან ურთიერთობა, დამცირების მეტს არაფერს იღებ, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ პრეცედენტი შემექნა - თუ არავინ დაისჯებოდა, გაეფრთხილებინათ მაინც მოძალადეები“, - უთხრა ნიქო გორგილაძემ რადიო თავისუფლებას.
ნიქო გორგილაძის ინტერებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა. საია ასევე მოითხოვდა ნიქო გორგილაძისთვის, მისი უსაფრთხოების მიზნით, დაცვის დანიშვნასაც, თუმცა უშედეგოდ. დღემდე არ არის დასრულებული გამოძიება არც 17 მაისს, მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.