5 ივნისს, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებასა და მას მოყოლილ რეაქციებს, ე.წ. „ლაიკებსა“ და „ჰა ჰა“ სიცილაკებს, ოფიციალური განცხადებით ეხმაურება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდზე დაფიქსირდა „ორგანიზებული ვირუსული შეტევა, ანუ „ტროლინგი“, რაც მიზნად ისახავდა პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირებას: „დაახლოებით 20:00 საათისთვის, კონკრეტულად პოსტის მოწონების დისკრედიტირების მიზნით, გამოჩნდა არაქართული წარმოშობის ყალბი პროფილები, რომლის შესყიდვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, როგორც საკუთარი, ასევე, სხვა ნებისმიერი მომხმარებლის გვერდისთვის. ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ "ლაიკების" ყიდვის პროცესი, მით უმეტეს არაქართული წარმოშობის პროფილების ჩართულობით, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი მომხმარებელთა მხრიდან. შესაბამისად, ნათელია, რომ ეს ქმედება განხორციელებულია კონკრეტულად იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც შედიოდა პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ფეისბუკის ათასობით მომხმარებელი ხარხარის აღმნიშვნელი ღილაკით, ე.წ. "ჰაჰას" სიცილაკით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელიც მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა და რომელშიც არასამთავრობოების ნაწილს ადანაშაულებს "ულტიმატუმის ენით საუბარში", ხოლო იუსტიციის მინისტრის გადაყენების მოთხოვნას უწოდებს "აბსურდულს". პრემიერის პოსტის ე.წ. "მომწონებლებს" შორის კი ასობით ე.წ. "ბოტი", დიდი ალბათობით ყალბი პროფილი გამოჩნდა, უცხოური ან გაუგებარი სახელებით.
15-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა, თეა წულუკიანი დაითხოვოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ახალი მინისტრის პირობებში მიიღებენ მონაწილეობას კონსულტაციებში ახალი მთავარი პროკურორის შესარჩევად. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თეა წულუკიანმა ვერ შეძლო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და მისი მინისტრობის პერიოდში მთავარი პროკურორი ხუთჯერ შეიცვალა.