თბილისის მეტროს მემანქანეები გაფიცვას წყვეტენ

თბილისის მეტრო მუშაობას სავარაუდოდ, 14 საათიდან განაახლებს. მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც თბილისის მერიასთან მიაღწიეს შეთანხმებას ხელფასის გაზრდის შესახებ. „კიდევ ერთხელ დავაყენეთ ჩვენი პრობლემები და მათ მოგვარებაზე პასუხისმგებლობა აიღეს“ - განუცხადა ჟურნალისტებს მეტროს პროფკავშირის "ერთობა 2013"-ის ხელმძღვანელმა, რატი კაპანაძემ თბილისის მერიაში გვიან ღამით გამართული შეხვედრის შემდეგ. კაპანაძის ინფორმაციით, დეტალებზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდის და რამდენით მოიმატებს მემანქანეების ხელფასი. ისინი შრომის ანაზღაურების 45%-ით გაზრდას მოითხოვენ. მემანქანეთა გაფიცვის გამო თბილისის მეტრო 4 ივნისს დაიკეტა.