საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სასულიერო და სამოქალაქო პირები დააკავეს

საოკუპაციო ხაზი სოფელ დვანთან

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე ოხანაშვილი. მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის დარღვევა. სოფელი დვანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ მუგუთს ესაზღვრება. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ ასეთივე ბრალდებით დაკავებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მცხოვრები, თემურ დუდაშვილი. ის დაკავების მომენტში საქონელს მწყემსავდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონო დაკავების ფაქტები აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. დაკავებულთა გასათავისუფლებლად ამოქმედებულია „ცხელი ხაზი.“