ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საპარლამენტო კომისიას „ევროპული საქართველოს „ წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. იგი კონკულტაციების შედეგად დაასახელა საპარალმენტო უმცირესობამ. სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ კომისია შეძლებს ნათელი მოჰფინოს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას და ამ ტრაგედიის გამოძიების პროცესში არსებულ სავარაუდო დარღვევებს. „რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული სამუშაო, თუმცა საპარლამენტო უმცირესობა, „ევროპული საქართველო“, ეს კომისია და მე პირადად ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ეს კითხვები იყოს პასუხგაცემული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს და ინსტრუმენტს, რომელიც გააჩნია ამ კომისიას.მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების დაკითხვა-მოწვევა კომისიაზე და სხვა ინფორმაციის გამოთხოვა, რომ საზოგადოებამ უმოკლეს ვადებში გაიგოს რეალურად რა მოხდა.“-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი 31 მაისს დაუჭირა. 17 წევრიან კომისიაში უმრავლესობა უმცირესობით იქნება წარმოდგენილი. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი 6 ივნისს დაამტკიცებს.