ზაზა სარალიძე: არასდროს არ იქნება ჩემ უკან პოლიტიკა

ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავრობას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, ნუ ცდილობენ მისი ტრაგედია პოლიტიკოსებთან გააიგივონ. „მე ინფორმაცია მაქვს, რომ თბილისის სხვადასხვა ქუჩაში აქციებია დაგეგმილი და ისინი ჩვენთან არ მოდიან იმის გამო, რომ თითქოს, აქ ვიღაც პოლიტიკოსები არიან. მე ჩემი შვილის სულს არასდროს არავის არ მივყიდი“ - განაცხადა 1 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ. „ნუ მესმის მე რეპლიკები, რომ პოლიტიკა დგას ჩემს უკან. არასდროს არ იქნება ჩემს უკან პოლიტიკა“ - აღნიშნა ზაზა სარალიძემ. მასთან ერთად აქციაზე იმყოფებიან პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და 2012 წელს გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის დედა. სამართლიანობის აღდგენის და დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნებით, აქციები განახლდა ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთსა და ახალციხეში