გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურის დამონტაჟებას გეგმავს

ძველი სტაციონარული სადგური

გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის თანამედროვე ავტომატური სადგურის დამონტაჟებას აპირებს, ნაცვლად ძველი სტაციონარული სადგურისა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში არ მუშაობს.

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან, რუსთავის მერიაში შეხვედრაზე განმარტა, რომ ახალი სადგურის საშუალებით ადგილზე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერება, მათ შორის: PM10, PM2.5, ნახშირჟანგი და გოგირდის დიოქსიდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომელიც რუსთავში არსებულ მაკონტროლებელ სადგურს ეყრდნობა, ქალაქში ჰაერის რვავე დამაბინძურებელი ნივთიერება ნორმის ფარგლებშია, მხოლოდ მტვრის შემადგენლობა აღემატება 3,2-ჯერ დასაშვებ ნორმას.

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა თქვა, რომ ახალი დანადგარით ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღება, შედეგები კი საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად შეფასდება. გარდა ამისა, იმუშავებს მობილური სადგურიც, რომლის მეშვეობით ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა ქვეყნის ყველა რეგიონში გახდება შესაძლებელი.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, იმისათვის რომ მუდმივად კონტროლდებოდეს ის საწარმოები, რომლებიც ჰაერში მავნე ნივთიერებებს აფრქვევენ. "მოსახლეობა ჩივის, თავად ხედავს მილებიდან გამოფრქვეულ აირებს. დაუშვებელია მათი საქმიანობით ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე მიადგეს", თქვა ირაკლი ტაბაღუამ. მისივე ცნობით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამი თვე ითხოვა ჰაერის ახალი მაკონტროლებელი დანადგარის დასაყენებლად რუსთავში. მის შესაძენად სააგენტო ტენდერის გამოცხადებას აპირებს.

რუსთავში აქტიურობს ახალგაზრდული ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს საწარმოთა მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას. ფეისბუკში მათ შექმნეს სპეციალური გვერდიც, სახელწოდებით "გავიგუდეთ". სწორედ მათ აქტიურობას მოჰყვა მერიაში ზემოხსენებული შეხვედრა. დღეს არსებული კანონმდებლობით, საწარმოებს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს ,,გეგმიურად და არაგეგმიურად,, და მათ, დარღვევების შემთხვევაში, სხვადასხვა ოდენობის თანხით აჯარიმებს.